წინასაარჩევნო კამპანია დასასრულს უახლოვდება. ჩვენმა გონებამ “გუბკასავით” შეისრუტა, რომ “ეს დროშა დაეცა ხიბულასთან”, რომ “ხმა უნდა მივცეთ გამარჯვებულს”, რომ “საქმით მოდის და საქმეს გვპირდება”, რომ “Change we can believe in” და რომ “რასაკვირველია, გასაკეთებელი კიდევ ბევრია”! ამ ყოვლისმომცველ სლოგანთა შორის “გაზი 10თ, შუქი 5თ, წყალი – უფასო” იყო ერთადერთი, რომელიც კონკრეტიკის ელფერს ატარებდა. მთელი კამპანიის განმავლობაში ველოდებოდი, რომ ვინმე დასვამდა შეკითხვას – წყალი უფასოდ?! მეც ამ პოსტს ვინახავდი და ველოდებოდი. არ დასვეს…
გრძელი ტექსტების მოზიზღეები რომ არ გამოგვაკლდნენ მსჯელობაში, აქვე ვიტყვი:
უფასო წყალი ნიშნავს რომ წყალი აღარ გვექნება!
რატომ?
პასუხს ნაწილობრივ ეს ორი კლიპიც სცემს, რომელიც იმ დროს გაკეთდა, როცა GWP-ს ჯერ კიდევ თბილისის წყალი ერქვა და სახელმწიფო კომპანია იყო:
1.
2.
ეს კლიპები 3 წლის წინაა გადაღებული. მათი ძირითადი მიზანი იყო თბილისის მოსახლეობისთვის ახსნილიყი, რომ (1) წყალი მდინარეში არ ნიშნავს წყალს მათ ონკანში და რომ (2) წყალი არ არის შეუზღუდავი ოდენობით. სანამ ეს კლიპები გაკეთდებოდა, ხშირად ისმოდა ფრაზა “საქართველოში წყალი ფული უნდა ღირდეს?!” ამაზე ყოველთვის ვპასუხობდით: მდინარეში წყალი ახლაც უფასოა – მიბრძანდით და მიირთვით. ამ კლიპებმა ამ მხრივ მოსახლეობის გათვიცნობიერება აამაღლა და “წყლის უფასოების” თემა დღის წესრიგიდან მოხსნა. როგორც აღმოჩნდა – დროებით…
მაგრამ ესეც არ არის მთავარი! ეგებ უბრალოდ მერიის ბიუჯეტიდან აპირებს სლოგანის ავტორი კერძო კომპანიის სუფსიდირებას? მიუხედავად იდეის მარაზმულობისა, მაინც განვიხილოთ რა მოხდება ამ შემთხვევაში. რა მოხდება და… მოსახლეობა ჩათვლის რომ წყალი “ულევი” და შეუზღუდავი რესურსია, საერთოდ აღარ დაზოგავს მას და არც ონკანს შეაკეთებს. რა საჭიროა, როცა რაღაც უფასოა?! შედეგად, დღეს არსებული წყლის გრაფიკი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან არსებული მოხმარების მაჩვენებლებითაც კი წყალს უფრო ნაკლებს უნდა ვიყენებდეთ, რომ ყველას გვეყოს. ახალი მდინარე კი ჯერ არავის აღმოუჩენია თბილისის სიახლოვეს…
არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი. ”უფასო რომ ზოგადად არაფერი არაა” და რომ “თუ აქ და ახლა უფასოდ მოგცეს, სადმე რამე მაინც დაგიჯდება” ეს ყველამ კარგად იცის. არის ორი სცენარი, თუ სად შეიძლება იმალებოდეს “ძაღლის თავი”:
1. წყლის ტარიფი ზოგადად ორი რიცხვისგან მიიღება:
- ტარიფი წყლის მიწოდებაზე
- ტარიფი კანალიზაციაზე
სარეკლამო კამპანიაში არავის აუხსნია “წყალი უფასოდ” შეიცავს თუ არა კანალიზაციის ტარიფს – თუ მხოლოდ წყლის მიწოდებას გვპირდებიან უფასოს?
2. წყლის ტარიფი მოსახლეობისთვის არის 10 თეთრი კუბურ მეტრზე, მაშინ როცა ბიზნესისთვის არის 4 ლარი და 40 თეთრი. შესაბამისად, დღეს უკვე შექმნილია ისეთი სისტემა, როცა თბილისის წყლის სისტემას ბიზნესი ინახავს. არსადაა ნათქვამი, რომ მოსახლეობისთვის გაუფასოებული წყალი არ გაძვირდება ბიზნესისთვის.
ჩემი პირადი ხედვა თბილისში წყლის სისტემის მხარდასაჭერად ასეთია:
- სასწრაფო გამრიცხველიანება
- ონკანების მასიური შეკეთება
- გონივრული, მაგრამ არა ნულოვანი ტარიფი – რომელიც დაგაზოგინებს წყალს, მაგრამ არ გაგიკოტრებს ჯიბეს
შედეგად, დაზოგილი წყალი გამოთავისუფლდება ქსელში და გრაფიკი თავისთავად დაიკლებს ან გაუქმდება.
Resume: ზოგადად, წყლის თემაზე გაუთავებლად დიდ ხანს შეიძლება მსჯელობა. ამ პოსტით უბრალოდ იმის ჩვენება მინდოდა, რომ ერთმა კონკრეტულმა ლოზუნგმა, თუ იგი ცხოვრებაში ასევე რიხიანად და დაუსაბუთებლად გატარდება, შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოიტანოს – მიუხედავად სასიამოვნო საწყისი ჟღერადობისა.
შესანიშნავია.
თუმცა არ უნდა დაგეცადა და ცოტა ადრე დაგეწერა ეს პოსტი – შეიძლება საკმარისი რეზონანსიც მიეღო ამ თემას.
რაღაც მაგათმა კამპანიამ ისე ჩაიარა, თითქოს ვისაც “გატისკვა” შეეძლო, დაინდო და თვალი დახუჭა ამ “რიჟა” სლოგანებზე
მართლა ბოლომდე ველოდებოდი, რომ წყლამდე ჩააღწევდა დისკუსია. სამწუხაროდ, გაზის იქით სიტყვა არ თქმულა ფაქტიურად…
თვალი არავის დაუხუჭია. უფრო შენამდე ვერ მოაღწია ალბათ მავანთა და მავანთა ირონიამ ამ სლოგანის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან კარგი თემა წამოჭერი და დიდი მადლობა. ცუდი ის არის, რომ ეს შენი პოსტი ნაკლებად მიაღწევს იმ ადამიანებამდე, ვისაც აი ამ “რიჟა” სლოგანების, გაგიკვირდება და სჯერა!!!!!
იმედი მინდა ვიქონიო, რომ ამას არავინ “სჭამს”.
კლიპებს რაც შეეხება, ჯერ ერთი, მარტო თბილისის მოსახლეობას ნუ უხსნიან და მეორე, ფულს ნუ ჟმოტავენ სარეკლამო კამპანიაზე, მით უმეტეს თუ იგი ასეთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხება!!
სლოგანის შესახებ ბევრმა იცინა, მაგრამ წყლის თემამდე რომ ვინმეს ჩაეღწიოს, მე არ შემხვედრია. თუ შენ შეგხვდა, ლინკები მომე
წყალზე მე მგონი მართლა არავის შეუშველებია კონტრარგუმენტი, მაგრამ თვითონ თარგამაძემ და ჭანტურიამ დაიწყეს განმარტება, რომ ეს სულ უფასოს არ ნიშნავდა, რომ იქნება უფასო წუთებივით, უფასო ლიტრები და გადაჭარბებით დახარჯული უნდა გადაიხადონ და რა თქმა უნდა იმ უფასო ლიტრების სუბსიდირება მერიიდან მოხდება ბიზნესისთვის გაზრდილი გადასახადის ხარჯზე.
მე პირადად ფიქსირებული გადასახადის იდეა გარკვეული რაოდენობის წყალზე მხიბლავს, ვთქვათ 1-დან 10 კუბამდე დახარჯული წყალი X ლარი ან რამე მსგავსი. შემდეგ კი ყოველ კუბზე დამატებითი თანხა. სრულიად უფასო არაფერი არ უნდა იყოს, თუ მერია იხდის, მაინც ხომ საიდანღაც შედის ეს ფული? მართლა ვინე “ჭამს” ამას?
და დღეს როგორ არის იცი? 24 კუბს იხდი და მის ზევით უფასოა საერთოდ
რაც მაგათ დომებიათ, იმაზე უკეთესი დღესაა უკვე
თანაც, როგორ აპირებენ სათითაო ოჯახის აღრიცხვას, როცა მრიცხველს ვერ უყენებ სახლში და მაქსიმუმ შეგიძლია კორპუსის დონეზე დათვალო, ესეც ძააალიან მაინტერესებს…
წყალი კი არა, არც ერთი მოხმარებადი რესურსი არ შეიძლება იყოს უფასო. იმიტომ რომ მას აქვს საექპლუატაციო ხარჯები. მერე ვინ დაფარავს ამას?… ამ ლოგიკით ბორჯომი დიდი ხანია უფასო უნდა იყოს, მაგრამ სადაა
)))
ჩვეულებრივი წინასაარჩევნო სლოგანია, ნეტა ვინმე აღიქვამს მას სერიოზულად?
)))
მე თავიდანვე გამეცინა ამ სლოგანზე, ბევრ ჩემს ნაცნობსაც. მადლობა ღმერთს არ ყავს ისეთი ნაცნობი, რომელიც დაიჯერებდა, რომ წყალი უფასო შეიძლება იყოს. თუმცა არიან, ვერსად წახვალ, რადგანაც ვარკეთილი დიდად განათლებული უბანი არაა… ვცდილობ ასეთებთან კონტაქტი არც მქონდეს.
დააყენონ ეს მრიცხველები მართლა. შეაკეთონ ონკანები. დანახარჯებიც ნაკლები ექნება GWP-ს და წყალიც ნაკლები დაიხარჯება. კი, თავიდან ამ კომპანიას ინვესტირება მოუწევს არც თუ ისე პატარა თანხის, მაგრამ საბოლოო ჯამში ხარჯები შეუმცირდება.
თუ ქალაქის მთავრობამ არ მოთხოვა GWP-ს 24-საათიანი წყალმომარაგება, თვითონ კომპანია არ წამოიწყებს წყლის დაზოგვით სამუშაოებს – რაში ჭირდება ზედმეტი თავისტკივილი?
vai, exla vnaxe!! sagol martla!! mec ase gamcarebuli velodi vinmesgan kitxvis dasmas, magram sadaa…mainteresebs, ar esmit da kitxva ar uchndebat?!!! gadasarevi iko, dato, sheni posti, egeba iscavlos xalxma…da klipebze kide cota nostalgia shemomacva…eeh…:)
ისე მე არ ვემბობ რომ უფასო უნდა იყოს მაგრამ უნდა ვაღიაროთ ის ფაქტი რომ წყლის ფასი ღირებულებაზე მეტია. საქართველოს არ აქვს წყლის მომარაგების პრობლემა პირიქით ექსპორტზეც გააქვს და შესაბამისად უფრო იაფი უნდა ღირდეს!
სწორია