საეკლესიო-სამშენებლო ფანდრაიზინგი
უკვე რამდენიმე წელია მსოფლიოში აღარავის უკვირს, რომ მობილური ტელეფონი არა მხოლოდ ადამიანებს შორის ურთიერთობის საშუალებაა. მის გარშემო შექმნილ დამატებით სერვისებს შორის ერთერთი მნიშვნელოვანია მობილური გადახდები. ამ დროს ტელეფონი ელექტრონული საფულის ფუნქციას ატარებს. ამ ტექნოლოგიის დანერგვამ გამოიწვია სპონტანური ხარჯვის სტიმულირება – თუ ადრე ადამიანს ჰქონდა “გამოსაფხიზლებელ-გადასაფიქრებელი” დრო რეკლამის ნახვასა და ფულის დახარჯვის მომენტს შორის, ახლა უკვე რეკლამაში პირდაპირ მობილური ნომერია მითითებული, რომელზე დარეკვის ან დამესიჯების შემთხვევაში ხარჯი უკვე გაწეულია.
საქართველოში ეს თემა დიიიდი ხნის წინ ჯეოსელმა დაიწყო, როცა აქცია “დარგე ხე” გააკეთა (რეკავ ნომერზე, ანგარიშიდან გეჭრება ლარი, ამ ლარად ყიდულობენ ნერგს და შენს სახელზე რგავენ). მეორე დიდი ტალღა წამოიწყო ფონდ “იავნანამ”, რომელიც 25-60-60-სა არ იყოს, ნომრით – 30-30-თ უფრო ცნობენ მგონი, იმდენი რეკლამა ატრიალა.
ამ ყველაფრის პარალელურად მობილური ფანდრაიზინგის (fundraising – თანხის მოძიება) საქმეში ჩაერთო ეკლესია. უფრო სწორად – ეკლესიების მშენებლები და რესტავრატორები. ისინი, 90-იანი წლებისათვის შესაფერისი ხარისხით დამზადებული რეკლამებიდან მოუწოდებენ მრევლს 1 ლარი შეწირონ ამა თუ იმ ეკლესიის მშენებლობას, ან ძველი მონასტრის აღდგენის საქმეს. თან, თუ თავიდან ასეთი რეკლამა გადიოდა, ამჟამად უკვე არის რამდენიმე ერთად.
ამ დროს გასაკვირია მობილური ოპერატორების ქცევა. ჯერ იყო და ორი წელი ვერ ჩამოყალიბდნენ ერთიან ნუმერაციაზე, რის გამოც რეკლამაში 2-3 სხვადასხვა ნომერი იყო მითითებული. და საერთოდ: მათ ცხვირწინ ხდება ამხელა საქველმოქმედო აქტივობა და ისინი მხოლოდ ნომრის გამოყოფით შემოიფარგლებიან. და ეს მაშინ, როცა ვიღაც უცნობი მხატვრის 10 კვ. მეტრზე მოწყობილ გამოფენას ასპონსორებენ და 5 ტელევიზია მიყავთ გასაშუქებლად.
რატომ არ შეიძლება სამმა მობილურმა ოპერატორმა შექმნას ეკლესიების მშენებლობისა და რესტავრაციის ერთიანი ფონდი, გამოაცხადონ ერთიანი ნომერი, გააკეთონ ერთიანი სარეკლამო კამპანია და ამ გზით ამოღებული თანხები შემდეგ გაანაწილონ ამა თუ იმ პროექტს შორის? ასე ხომ ბევრად მეტი თანხა მოგროვდება რეალურად. ოპერატორისთვის ეს იქნება დადებითზე დადებითი PR-ეფექტი, მაყურებლისთვის ეს იქნება დასვენება ამ უნიჭო სარეკლამო რგოლებისა და სინდისის ქეჯნისაგან, რომ “აი ამ” ტაძრის მშენებლობას დაეხმარა, ხოლო “აი იმ” ეკლესიას – ვერა.
მე მგონი, თუ 28 თეთრზე შეძლეს მოლაპარაკება და წლებია გაუქანებლად უჭირავთ ეს ფასი, რამენაირად ერთ საზიარო ფონდსაც მოუვლიან. თქვენ რას ფიქრობთ?















საკმაოდ, რაციონალური იდეაა:)))
დავით ძალიან საინტერესოდ გამოიყურება შენი იდეა, მაგრამ დარწმუნებული ხარ რომ თავად რეკლამის შემკვეთებს შორის მიიღწევა შეთანხმება ამაზე?
ერთდროულად რამდენიმე ტაძარი შენდება და მეტწილად მრევლის ზარების იმედადაა..
ჩემი აზრით მათ ექნებათ წინააღმდეგობა თანხის გადანაწილებისას, თუ მათ შორისაც მსგავსი სქემა არ იქნება შემუშავებული…
ნებისმიერ შემთხვევაში ეს თემა მობილური ოპერატორების ხელშია: თუ ისინი გადაწყვეტენ ამ ამბის ხელში აღებას, ნომრები მათია და როგორც გასცეს, ისე დაიბრუნებენ. ფაქტია, რომ ყოველი ასეთი რეკლამა/თხოვნა გარკვეულ რუტინასთანაა დაკავშირებული, რომელიც საეკლესიო პირებისთვის მარტივი სამართავი სულაც არ უნდა ჩანდეს.
თანაც, თუ დღეს რაღაც კაპიკებს აგროვებენ, ამ თემის კარგად გაშლის შემთხვევაში ბევრად დიდი დაფინანსებაა მოსალოდნელი.
ისე რა არის საჭირო იმისათვის რომ ყველა ნომერი “უნივერსალური” გახდეს და ოპერატორზე მიბმული არ იყოს? მხოლოდ ოპერატორებს შორის შეთანხმება? ძალიან მოსახერხებელი სისტემაა ეგ ყველა მხარისთვის…
პ.ს. ქართულ ოპერატორებს რამდენი პროცენტი მიაქვს შესრულებული ტრანზაქციისგან? საერთოდ რამდენად აქვს SMS გადახდებს აზრი ჩვენთან?
“უნივერსალურ” ნომრებს ჭირდება ოპერატორების შეჯერება ნომრების ერთიან სიაზე, სადაც გარკვეული დიაპაზონი იქნება გამოყოფილი მხოლოდ ისეთი განაცხადებისთვის, რომელიც 3-ვე ოპერატორთან შედის ერთად.
პრემიუმ ნომრებზე შემოსვალების განაწილების სქემა საკმაოდ მრავალფეროვანია. მაგალითად საეკლესიო ნომრებზე როგორც ვიცი არაფერს არ იტოვებენ.
მობილური ოპერატორებისთვის არ იქნება ეგ პრობლემა, მაგრამ პრობლემა იქნება მათთვის, ვინც ამ ფულს აგროვებს. ვერ გაინაწილებენ ერთმანეთში და არც დამატებითი მაკონტროლებელი და გამანაწილებელი სჭირდებათ მაინცდამაინც
საბოლოო ჯამში ოპერატორი წყვეტს ამ საკითხს და სხვისი ნება-სურვილი აქ მეორე პლანზეა (მიუხედავად იმისა, ვის როგორ ეწყინება). თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ საბოლოოდ ამოღებული თანხის მატებაა მოსალოდნელი, უკმაყოფილო არავინ უნდა დარჩეს.
თან, ცოტა გაუგებარია ჩემთვის, რატომ არ ხდება ტაძრების აღდგენა-მშენებლობის თემის რეგულირება საპატრიარქოდან? ან ეგებ ხდება, მაგრამ ამ ცალკეული რეკლამებით მცდარი შთაბეჭდილება იქმნება…