ურიის ვალი

2001… არა, გატყუებ – 2002 წელი იყო, მაშინდელ მიკროსაფინანსო ბანკში ვმუშაობდი. ყველაზე გაპრობლემებული სესხები ჩემთან გადმოდიოდა და ვარწმუნებდით კლიენტებს, რომ ისინი ცდებოდნენ და რომ ვალს დაბრუნება მხოლოდ ალამაზებს ამ ცხოვრებაში. ამ მნიშვნელოვან საქმეში ჩემს გვერდით, უკან და წინ იდგა ხალხი, რომელთა გვერდითაც მე ისეთი ზომისა ვჩანდი, როგორც მედვედევი ობამას ქვეშ. ხოდა, ერთ-ერთ კლიენტს ველაპარაკებით მე და ერთი 2×2-ზე ზომის ვაჟკაცი. ეტყობა გამომივიდა და ეს კეთილი ადამიანი დავარწმუნე. ისიც ადგა და მეუბნება:

შენი გულისთვის ჩემო დავით, წავალ და ურიის ვალს ავიღებ, ოღონდ ეგ სესხი დაგიფარო!

ჩამოწვა უხერხული სიჩუმე… საწყალს ეგონა, ამ სიტყვით ლამის საღვთო აღქმა მომცა სესხის დაფარვაზე და სახეზე სიხარულის არცერთი მახასიათებელი რომ არ მემჩნეოდა, აქეთ-იქით დაიწყო თვალების ცეცება პასუხის ძიებაში. მე რასაკვირველია გავჩუმდი – სესხი საფრთხეში არ ჩავაგდე და მეგობარმა ხუმრობაით აუხსნა, რაშიც იყო საქმე. ყველამ ვიცინეთ და ამბავიც კარგად დამთავრდა. ამის შემდეგ კი, სხვა კლიენტებთან ურთიერთობაში ჩვენმა ჯგუფმა დაამკვიდრა ფრაზა: “ჩვენს დავითს არ ეწყინება და… ურიის ვალი რომ აიღო მაინც უნდა დაფარო ეს სესხი!”

ყურადღება, შეკითხვა: იყო ის მსესხებელი იუდოფობი, ანტისემიტი, შოვინისტი, etc.? მე მგონია, რომ არა. უბრალოდ, ქართულ ენაში ბევრია ასეთი გამჯდარი ფრაზა თუ სიტყვა, რომელიც ჩვენში უწყინრად გამოიყენება (მაგ. ჩაჩანი, როგორც ბინძურის სინონიმი), ხოლო თუ nigger-ად გადათარგმნი – ქვეყნის მაზანზარებელ სიმძიმეს იძენს.

დღეს ამხელა ამბავია აწეული “ჩვენ რა, ზანგები ვართ?!” ფრაზის გარშემო. ლაპარაკში იშველიებენ იმასაც, რომ ამას უცხოელების გამოხმაურება მოჰყოლია. არადა, YouTube-ის ტიტრირებულ ვიდეოში nigger წერია. ზანგი როდის მერეა აზრობრივად nigger? არც negro ან black არის მთლად იავნანა, მაგრამ ფაქტია, რომ თარგმანის ავტორს სურათის დამძიმება უნდოდა ან საქმეს არაპროფესიონალურად მიუდგა. ორივე შემთხვევა უპასუხისმგებლოა და წუთიერ ეფექტზეა გათვლილი.

სულგანაბული ველი, როდის მომიწევს ნახევარი ისრაელისთვის იმის ახსნა, რომ მთავრობის რომელიმე წევრის მიერ (სამომავლოდ) ნათქვამი “ურიის ვალს ავიღებთ…” არ არის ანტისემიტიზმისა და იუდოფობიის გამოვლინება :)