Posted by David on June 28, 2010 · 19 Comments
კვარიათში გაიმართა ქართული ბლოგინგის დღეები, რომლის ერთერთი მოდერატორი და მინორიტარული ორგანიზატორი მეც გახლდით. ახლა ვაქვეყნებ ერთერთ მოკლე სახელმძღვანელოს, რომელიც ამ ღონისძიების ფარგლებში დაიწერა. მოგვიანებით იქნება თვით ღონისძიების მიმოხილვაც.
ნებისმიერი ბიზნესისათვის, მიუხედავად იმისა, წარმოებისა თუ მომსახურების სფეროში მოქმედებს, არის მონოპოლისტი თუ მჭიდრო კონკურენციის მონაწილე, უაღრესად მნიშვნელოვანია მომხმარებელთან და ბაზართან ეფექტური კომუნიკაციის აწყობა და წარმართვა. თანამედროვე სამყაროში უაღრესად მნიშვნელოვანია ინტერნეტში სწორი მარკეტინგული კომუნიკაციის წარმართვა.
ამას აქვს მრავალი მიზეზი. მათ შორის აღსანიშნავია შემდეგი:
- ინტერნეტით სარგებლობს მსყიდველობითი უნარის მქონე მომხმარებლების უდიდესი უმრავლესობა
- სოციალური ქსელები და ბლოგოსფერო იძლევა საშუალებას დამყარდეს ინტერაქტიული კონტაქტი მომხმარებელთან, რაც შეუძლებელია ტრადიციული მარკეტინგული არხებით
- ინტერნეტ-მარკეტინგი ერთერთი ყველაზე იაფი საშუალებაა მომხმარებელთან დასაკავშირებლად
ინტერნეტ კომუნიკაციას აქვს 4 შემადგენელი ნაწილი:
- შეტყობინება (ანუ, რა ინფორმაციის მიტანაა დაგეგმილი)
- სამიზნე აუდიტორია (ანუ, ვინ უნდა მოისმინოს ჩვენი ინფორმაცია)
- საკომუნიკაციო არხი (ანუ, რა გზით უნდა მივიდეს ჩვენი ინფორმაცია ადრესატამდე)
- სპიკერი (ანუ, ვინ უნდა მიიტანოს ჩვენი ინფორმაცია ადრესატამდე)
განვიხილოთ თითოეული შემადგენელი ნაწილი. ამისათვის ვისარგებლოთ წვენებისა და კონსერვების მწარმოებელი კომპანიის მაგალითით:
ქართული კომპანია X აწარმოებს 10 დასახელების წვენს (ვაშლი, ქლიავი, ასკილი, ატამი, ჟოლო, ბროწეული, ალუბალი, სტაფილო) 9 სადახელების საწებელს (ყვითელი, მწვანე და წითელი ტყემალი, პომიდორი, აჯიკა), მურაბებსა და ბოსტნეულის კონსერვებს. ნედლეული ქართულია, წარმოება ეფუძნება თანამედროვე ტექნოლოგიებს, ხარისხი კონტროლდება. შეფუთვა შუშისაა, რაც პროდუქციას უკეთ ხილვადს ხდის, თუმცა ნაკლებად პრესტიჟულია. გასაღების ძირითადი ბაზარია საქართველო. იგეგმება ექსპორტის დაწყება.
ნაწილი I – შეტყობინება
ჩვენს შემთხვევაში კომპანიის შეტყობინება შეიძლება იყოს საიმიჯო (რომელიც წარმოაჩენს კომპანიის უპირატესობებს) ან კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებული. წვენების მწარმოებლისთვის შეტყობინება შეიძლება იყოს ხარისხი. ანუ, სიტყვის ხსენების გარეშე მომხმარებელს უნდა შეექმნას ხარისხის აღქმა. ამისათვის მას აღვწერთ შემდეგი მახასიათებლებით:
- ნატურალური ნედლეული (ხილი და არა კონცენტრატი)
- ჩამოსხმის თანამედროვე ხაზი
- ხარისხის კონტროლის ლაბორატორია
- საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა (ISO9001)
- თანამედროვე შეფუთვა
ეს არის ხარისხის აღმწერი მახასიათებლები, რომლებიც უქმნიან მომხმარებელს ხარისხიანობის განცდას. შესაბამისად, ჩვენი შეტყობინება იქნება “ხარისხი” და მისი აღმწერი მახასიათებლები.
რჩევა: მომხმარებელთან კომუნიკაციაში ძირითადი სათქმელი დაყავით მის აღმწერ მარტივ ფაქტებად და ისინი მიაწოდეთ მას
ნაწილი II – სამიზნე აუდიტორია
ყოველ შეტყობინებას აქვს მისი შესაბამისი სამიზნე აუდიტორია. ხშირად კომპანია სხვადასხვა აუდიტორიას განსხვავებული ენით ესაუბრება. მაგალითად, საერთაშორისო პარტნიორებთან ენა უფრო ფორმალურია და ემყარება ციფრებს, გრაფიკებს, პროცენტებს. მომხმარებელთან ურთიერთობაში წინ იწევს უშუალობა, მეგობრულობა, ნაკლები ფორმალიზმი და მეტი გახსნილობა. თუ პარტნიორს დააინტერესებ მიწოდების ხელსაყრელი პირობებით, მომხმარებლისათვის მიმზიდველი შეიძლება იყოს შეფუთვის დიზაინი.
შესაბამისად, ჩვენს მაგალითში არის 2 დამოუკიდებელი აუდიტორია – მომხმარებლები და ბიზნეს-პარტნიორები. სამიზნე აუდიტორიის უფრო კონკრეტული მაგალითი შეიძლება იყოს “Facebook-ის მომხმარებელი 20-30 წლის ახალგაზრდა დედები”.
რჩევა: მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევისას ეცადეთ იგი რაც შეიძლება ზუსტად მოარგოთ თქვენს შეტყობინებას. სხვა შემთხვევაში თქვენ ან (1) თანხას დახარჯავთ ისეთ ხალხთან ურთიერთობაში, რომელიც თქვენი მომხმარებელი არაა, ან (2) დააბნევთ თქვენი მომხმარებლების ნაწილს ისეთი შეტყობინებით, რომელიც მათ არ ეხებოდა.
ნაწილი III – საკომუნიკაციო არხები
იმისათვის, რომ ჩვენი შეტყობინება მიუვიდეს სამიზნე აუდიტორიას, საჭიროა ზუსტად შევარჩიოთ საკომუნიკაციო არხები. ეს შეიძლება იყოს საიტი, Facebook-ის გვერდი, ინტერნეტ-რეკლამა, ბლოგოსფერო, ბიზნეს-კატალოგები, ფლეშ-თამაშები და სხვა.
ჩვენს მაგალითში კომპანიისთვის მიზანშეწონილია შემდეგი არხების არსებობა:
ბიზნეს-პარტნიორებისთვის
- კორპორატიული საიტი
- საერთაშორისო ბიზნეს-კატალოგებში განთავსება
- ინტერნეტ-რეკლამა ბიზნესთან დაკავშირებული ტერმინების კონტექსტში ჩვენებით
მომხმარებლებისათვის
- მარტივი, მაგრამ დიზაინის მხრივ მიმზიდველი საიტი პროდუქტებისათვის
- Facebook გვერდი
- ფლეშ-თამაში საიტზე
- ბლოგოსფერო
რჩევა: საკომუნიკაციო არხებისას შეარჩიეთ მხოლოდ ისეთები, რომელთა სამომავლო გაძღოლასაც შეძლებთ. ანუ მაგალითად, თუ ხსნით Facebook-ის გვერდს, უნდა იყოს გათვალისწინებული კომენტარებზე პასუხი და მომხმარებელთან მუდმივი ინტერაქცია.
რჩევა: სხვადასხვა ენობრივი აუდიტორიისთვის მიზანშეწონილია ცალკე მისამართის გამოყოფა – .ge ქართულისთვის, .ru რუსულისთვის, .com ინგლისურისთვის და ა.შ.
ნაწილი IV – სპიკერი
მას შემდეგ რაც შეტყობინებაც ჩამოყალიბებულია, სამიზნე აუდიტორიაც განსაზღვრულია და საკომუნიკაციო არხებიც შერჩეულია, რჩება ბოლო კითხვა – ვინ მიიტანს ჩვენს შეტყობინებას ადრესატამდე?
ეს შეიძლება იყოს კომპანიის რიგითი თანამშრომელი Facebook-ზე, მხარდამჭერი ბლოგერი ან სულაც მსახიობი რეკლამიდან. მთავარია, რომ იგი იყოს დამაჯერებელი სამიზნე აუდიტორიისთვის და შეესაბამებოდეს მისაწოდებელ შეტყობინებას. სპიკერი უნდა ლაპარაკობდეს ერთ ენაზე აუდიტორიასთან.
ჩვენს შემთხვევაში ბიზნეს-პარტნიორებთან სპიკერი იქნება კომპანიის მენეჯმენტი – პირადად ან საიტზე განთავსებული ტექსტების გზით; ხოლო მომხმარებელთან სპიკერები იქნება:
- საიტზე – ტექსტების ავტორი
- Facebook-ზე – მიმაგრებული თანამშრომელი
- ბლოგოსფეროში – კომპანიის ან დამოუკიდებელი ბლოგერები
რჩევა: მომხმარებელთან ურთიერთობამდე სპეციალურად გამოყავით შტატიდან ერთი თანამშრომელი და მოამზადეთ იგი იმისათვის, რომ მას ჰქონდეს ინტერნეტში ურთიერთობების უნარჩვევები, შეეძლოს პოზიტიური საუბრების მოტივირება და საპირისპირო აზრის მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ დარეგულირება.
ამ 4 ნაწილის ერთიანობაში მოყვანით ჩვენ შევძლებთ განვახორციელოთ ეფექტური კომუნიკაცია, შევიძინოთ მეტი ლოიალური მომხმარებელი და შევინარჩუნოთ არსებული.
Posted by David on June 4, 2010 · 10 Comments
აპრილის ბოლოს წერილობითი ინტერვიუ მივეცი “ნავიგატორს”. იმდენი ვწერე, ერთი კარგი პოსტის ზომის კი გამოვიდა. იყოს ბლოგზეც:
“ნავიგატორის” შეკითხვები:
მოკლედ მაინტრესებს თქვენი აზრით დღესდღეობით საქართველოში სოციალური მედია და კერძოდ ბლოგინგი განვითარების რა საფეხურზეა? რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო წინსვლისთვის ამ მიმართულებით? ზოგადად რა მიმართულებით შეიძლება განვითარდეს სოც. მედია ჩვენ ქვეყანაში?
ეკონომიკის სამინისტროში გამართულმა შეხვედრამ, ასევე სინგულარ ჯგუფის კონფერენციამ რა დადებითი შედეგები მოიტანა?
ზოგადად თქვენი შეფასებით რამდენად პოპულარულია საქართველოში სოციალური მედია და რამდენად შეიძლება ჩაანაცვლოს ტრადიციული მედია?
ჩემი პასუხი:
სოციალური მედია ძალიან ფართო ცნებაა და ბლოგი მისი მხოლოდ მცირე შემადგენელი ნაწილია. ამ მხრივ საქართველო დანარჩენი მსოფლიოსაგან ცოტათი განსხვავებული გზით განვითარდა: ჩვენთან 2001 წლიდან არსებობს ფორუმები; მათ შორის ყველაზე პოპულარულია თბილისის ფორუმი (forum.ge). იგი წლების განმავლობაში ვითარდებოდა, სანამ საბოლოოდ ქვეყნის ძირითად სოც. ქსელად არ ჩამოყალიბდა. ეს იქამდე ბევრად ადრე მოხდა, ვიდრე ბლოგები, ოდნოკლასნიკები, ფეისბუქი და სხვა საიტები გაჩნდებოდა.
ამჟამად Facebook-ის პოპულარულობა ყოველდღიურად იზრდება, თუმცა ფორუმი მაინც რჩება ძირითადი მსჯელობის ადგილად. ეს კი თავის მხრივ იწვევს იმას, რომ ბევრი ერიდება საკუთარი ბლოგის გახსნას, რადგან მას აკმაყოფილებს ფორუმი, როგორც დიდი წერილების განთავსების ადგილი და ფეისბუქი, როგორც თანამოაზრეებთან საუბრის საშუალება.
პირველი ბლოგები საქართველოში 2005 წლიდან არსებობს. ბოლო 1 წელია შეინიშნება ბლოგერთა რაოდენობის ზრდა, თუმცა ხშირად რამდენიმე ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, იმედგაცრუებული ახალბედა ბლოგერი თავს ანებებს ბლოგის მოვლას. ამჟამად დაახლოებით 50-მდე ასე თუ ისე რეიტინგული ბლოგია, რომელიც რეგულარულად ახლდება და მკითხველი ჰყავს.
იმისათვის, რომ ბლოგერობა საქართველოში გახდეს უფრო მასობრივი, ინტერნეტის მომხმარებელმა, მკითხველებმა, ბიზნესმა, არასამთავრობო სექტორმა, ტრადიციულმა მედიამ და სხვა დაინტერესებულმა მხარეებმა უნდა შეიტყონ რაშია ბლოგის უპირატესობა. ის თემები, რისთვისაც დღეს მრავალი საიტი იხსნება, რომელთაც 20 კაცი კითხულობს, შეიძლება ბევრად აქტუალურ თემად აქციოს ბლოგის ერთმა ჩანაწერმა. ის ბიზნესმენი, რომლის იმიჯის შექმნაზე ტელეეთერის საათები იხარჯება, ბლოგით იგივე შედეგს უფრო მალე და თანაც უფასოდ მიაღწევს. ბლოგი არ არის რამდენიმე ათეული ადამიანის ჰობი. ბლოგი არის საკუთარი აზრების გამოხატვის ყველაზე თანამედროვე და დამაჯერებელი საშუალება. როგორც კი ამას შეიტყობს საზოგადოება, ბლოგინგი თავისთავად განვითარდება. რასაკვირველია საჭიროა შესაბამისი საგანმანათლებლო ნაბიჯები – როგორც ტექნიკური კუთხით, ასევე თვით ბლოგინგის პოპულარიზაციისთვის.
რაც შეეხება ეკონომიკის სამინისტრში გამართულ შეხვედრას: რადგანაც იგი იყო პირველი, მისი ძირითადი დადებითი შედეგი არის ის, რომ დაისახა განვითარების სამომავლო გეგმები. ბლოგერებმა დაინახეს, რომ სამინისტრო ხედავს მათ საჭიროებას ეკონომიკის სხვადასხვა სფეროების მარკეტინგში. ხოლო სამინისტრო გაეცნო იმ იდეებს და პრობლემებს, რაც არსებობს ბლოგინგისა და ბიზნესის ურთიერთობებში. თუ მუშაობა გაგრძელდა, შთამბეჭდავ შედეგებს შეიძლება ველოდოთ.
ტრადიციული მედიის სტაბილური მომხმარებელი უმეტესად ასაკით უფროსია. ახალგაზრდებში ინტერნეტი მასობრივად ანაცვლებს ტრადიციულ საინფორმაციო თუ გასართობ საშუალებებს. ტელევიზიები ავითარებენ ონლაინ-მაუწყებლობას, გაზეთები მასობრივად ხსნიან ონლაინ-გამოცემებს. ამ მხრივ სოციალურ მედიას აქვს ერთი დიდი უპირატესობა: მას აქვს ნდობის მაღალი ხარისხი, რადგანაც იგი პერსონალურია. ანუ, ყოველ ჩანაწერს ყავს ერთი კონკრეტული ავტორი (და არა რედაქტორი, გამომცემლობა, ტელეარხი).
ველი კომენტარებს
Posted by David on February 5, 2010 · 21 Comments
ამ ბოლოს დროს ქარნეტში გამოჩნდა ახალი ტენდენცია: ბევრი ახალი ბლოგერი ვალდებულად თვლის თავს დაწეროს ბოღმა-პოსტი თემაზე “რა “სტრანნი” ხალხი ვართ ეს ქართველები”. ამ პოსტში აუცილებლად იქნება თავმოყრილი 20-30 თვისება, რომელიც ავტორის აზრით ზუსტად ახასიათებს ქართველთა “ბნელ” აზროვნებას. ყველაფერი ეს რასაკვირველია გაზავებულია დიდი ოდენობის სარკაზმითა და ლაითი იუმორით.
ასეთი პოსტების წაკითხვისას ყოველთვის მეცინება… და მიჩნდება გარკვეული მოსაზრებები:
Read more