კეისარიას ისრაელის ისტორიაში დაახლოებით ისეთივე დატვირთვა აქვს, რაც ქართულში მცხეთას: იგი ერთ დროს იყო “სატახტო” ქალაქი. პირველი დასახლება ამ ადგილას ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-3 საუკუნეში ფინიკიელებმა დააფუძნეს და მას სტრატონის კოშკი ეწოდებოდა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 30 წელს იგი (იმ დროისთვის უკვე როგორც რომის კუთვნილება) საჩუქრად გადაეცა მეფე იროდს. მან 12 წლის განმავლობაში იქ გააშენა თანამედროვე ქალაქი, რომელსაც მისი მეგობრისა და მფარველის, იმპერატორ ოქტავიუსის საპატივცემოდ კეისარია უწოდა.
ქალაქი მართლაც შთამბეჭდავ ტექნიკურ ქმნილებას წარმოადგენდა: აქ იყო თეატრი, იპოდრომი, სასახლე, ქუჩები, საცხოვრებელი სახლები, აბანოები. ქალაქი სასმელი წყლით მარაგდებოდა ორი დამოუკიდებელი წყალსადენით (აკვედუკით). იმის გათვალისწინებით, რომ ონკანი მხოლოდ მე-7 საუკუნეში გამოიგონეს და მთელი წყალი მაშინ მუდმივად დენადი იყო, ვარაუდობენ, რომ 20000 მოსახლეზე დაახლოებით მილიონიანი ქალაქის სამყოფი სასმელი წყალი იხარჯებოდა.
ქალაქი მრავალჯერ გადადიოდა ხელიდან ხელში: სხვადასხვა დროს ის იყო რომაელების, ბიზანტიელების, არაბების, ჯვაროსნების, მამლუქების, ოსმალოების და ბოლოს – ბოსნიელი ემიგრანტების ხელში. ყოველი მათგანი რაღაცას ამატებდა ქალაქს, რის შედეგადაც აქ შემორჩენილია სინაგოგის, მეჩეთის, ჯვაროსანთა ციხესიმაგრის და სხვა მრავალი ნაგებობის ელემენტები. რასაკვირველია, ყველაფერს ჩვენამდე არ მოუღწევია: ნაწილი ადამიანის ხელით დაინგრა, ხოლო ნაწილის განადგურება ბუნებამ უზრუნველჰყო – რამდენიმე მიწისძვრისა და ზღვის დონის მომატების შემდეგ ქალაქის ნახევარზე მეტი ან აღარ არსებობს, ან ზღვაშია. თუმცა, რაც გადარჩა და რაც გათხრების შედეგად აღმოაჩინეს, მართლაც განსაკუთრებულია.
ბლოგზე დასადებად შევარჩიე მხოლოდ 17 ფოტო (დააკლიკეთ გადადიდებლად), რომელიც მხოლოდ ნაწილობრივ გადმოსცემს ამ ძველი ქალაქის სიდიადეს:
ძველმა თეატრმა ძალიან კარგ მდგომარეობაში მოაღწია ჩვენამდე. ამას რესტავრაციაც დაემატა და შედეგად… ეს 2000 წლის წინ აშენებული ნაგებობა დღესაც მოქმედია და კონცერტებს და წარმოდგენებს მასპინძლობს (მაგ.: აქ იგეგმებოდა ალა პუგაჩოვას კონცერტი)
თეატრის გარკვეული ნაწილიც მიწის ფენით იყო დაფარული, რომლის მოცილების შემდეგაც ბევრი ქანდაკება იქნა ნაპოვნი:
თეატრის გვერდით შემორჩენილია რამდენიმე შენობის ფრაგმენტი, მათ შორის ერთერთი – 2000 წლის წინანდელი ბათქაშით (“შტუკატურკით”)
რომაული სტილის განუყოფელი ნაწილია კოლონადები. ისინი აქაც მრავლადაა, თუმცა დაახლოებით 40 არაბებმა რამდენიმე საუკუნის წინ სხვა ქალაქში გადაიტანეს და შენობის ასაშენებლად გამოიყენეს (ამაზე მომდევნო პოსტში). აქ კი ბევრი სახეობის ელემენტია წარმოდგენილი:
ზოგიერთი ელემენტი ისეთი ხარისხითაა შემონახული, ქვის სათლელიდან გუშინ მოტანილი გეგონება:
აქვეა ქვა, რომელზეც დაახლოებით შემდეგი შინაარსის წარწერაა: პონტი პილატემ, იუდეის პრეფექტმა [აღმართა] ეს [ნაგებობა იმპერატორ]ტიბერიუსის [საპატივცემოდ] (რაც ფრჩხილებშია, ის ნაწილი მეცნიერების მოსაზრებაა და ქვაზე აღარ იკითხება):
იპოდრომი, რომელსაც სხვაგვარად იროდ მეფის თეატრონსაც უწოდებდნენ, ამ ადგილიდან მოგვიანებით ქალაქის სიღრმეში გადაიტანეს, რადგან აქაურობა ხშირად იტბორებოდა:
გათხრების დასრულების შემდეგ არქეოლოგებმა დატოვეს მიწის პატარა მონაკვეთი, რათა ეჩვენებინათ, თუ რამხელა ფენაა აღებული მთელი ამ ტერიტორიიდან (ალბათ ერთი 10 არქეოლოგიური ნივთი ამ პატარა მონაკვეთშიც იმალება):
ქალაქის ძველი ქუჩები ფაქტიურად დანგრეულია, თუმცა ზოგიერთი დეტალი მიწის საფარში ყოფნით გადარჩა და დღემდე მყარადაა:
სასახლის დარბაზებიდან ყველაზე კარგად იატაკი გადარჩა. ერთადერთი, რაც მათი ნახვისას გაფიქრდება ისაა, რომ თუ დღეს ასეთი ლამაზია, მაშინ აგებისას რაღა იქნებოდა?
მისაღები დარბაზების გვერდით არის დამხმარე ნაგებობები. ამ სურათზე მაგალითად არის აბანოს და ტუალეტის ნანგრევები:
ასე გამოიყურებოდა იმ დროინდელი საკანალიზაციო მილი (არხი) ოთახის შიგნით:
ჯერ კიდევ ფინიკიელების დროიდან ეს ადგილი აქტიურად გამოიყენებოდა ზღვაოსნობისათვის. ამის დასტურად ტერიტორიაზე მრავლადაა ნაპოვნი ფინიკიური და უფრო გვიანდელი პერიოდის ღუზები:
ქალაქის ტერიტორიაზე ყველაზე მყარად მდგომი ნაგებობა არის ჯვაროსნების ციხესიმაგრე:
THE END
მომდევნო პოსტში: ხაიფის ბაჰაიელთა დაკიდული ბაღები

















Фотографии напоминают мне Карфаген
Хотя он больше разрушен. И я просто теряюсь в догадках, что же это ты опубликовал. Осмелюсь предположить, что это Кейсария. Правильно?
Да
Очень красиво.
გამრჯობა აააუუუ გთხოვთ რააააა დამეხმარეთ ხვალისთვის მარსის ტაძარზეეეეე დაწერეთ თ
(